ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მიესალმება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ნამახვანჰესის პროტესტის თაობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვითარების ესკალაცია და კატეგორიული ტონი მიუღებელია.
“მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს.ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია.
მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის.
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება,” – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.
დღეს, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. განცხადებაში სევე აღნიშნულია, რომ დაინტერესებულ მხარეებს და სპეციალისტებს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ.