“შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს”, – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამით რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
განცხადებაში დიალოგის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ის მხოლოდ ფორმალური არ უნდა იყოს. ასევე აღნიშნულია, რომ დაინტერესებულ მხარეებს და სპეციალისტებს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ.
მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.
პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.