13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმოწერით ვრცელდება განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას.
“ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.
168-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.
მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.
მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის – ანუ უკლებლივ ყველასთვის,” – ნათქვამია განცხდებაში.
ხელმომწერები:
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
უფლებები საქართველო
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი “საფარი”
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
შეგახსენებთ, 11 აპრილს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
აღნიშნულმა მოძრაობის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.
რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.
მოგვიანებით, პოლიციამ კარვები აიღო. ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.