ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკუჩავა ნამოხვანჰესზე: აქციის ორგანიზატორები აპოლიტიკურები არიან, ამიტომ არ ვჩნდებით აქციებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ მეტრონომთან საუბრისას განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის საკითხის აქტუალიზება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იქ ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს პროცესი და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.

პოლიტიკოსმა ხელისუფლება პროტესტის მონაწილეების სტიგმატიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს მმართველი ძალისგან უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

“აქციის ორგანიზატორები აპოლიტიკური პროტესტის მომხრეები არიან, ამიტომაა რომ არ ვჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო აქტივისტებთან, ამ პროტესტის მონაწილეები პოლიტიკური აქტორების მონაწლეობას არ მიესალმებიან. ზოგადად კი საკითხის აქტუალიზება არის საჭირო. ეს გააკეთა სახალხო დამცველმა, რაც მისასალმებელია. მან ადგილზე ჩასვლით საკითხის აქტუალიზება მოახდინა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არუნდა ხდებოდეს მსგავსი პროცესების დროს. იქ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება ადამიანებზე, რასაც რეალური დასაბუთება არ აქვს. ახლა უკვე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს, უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამს და იმ ადამიანებს სტიგმატიზირებას ცდილობენ ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, უკვე 170 დღეა რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქტივისტები კარვებში ათევენ ღამეს და სახელმწიფოსგან კაბალური ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები გაიტანა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ნამოხვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდა და შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის თავისუფლებას გაუსვა ხაზი.

 

იტვირთბა....