ექსკლუზივი კაპიტნის შვილისგან: რატომ არ იღებენ ტელეფონს თურქულ კომპანიაში?
დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 დეკემბერს ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი, თურქული კომპანიის კუთვნილი გემი „ქარიბ პალმი“ დააკავეს. გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ბადრი ბერიძეა. ფრანგმა სამართალდამცავებმა გემის კორპუსში დამალული 2, 4 ტონა კოკაინი იპოვნეს.
„მეტრონომს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ საქმეში უკვე ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო და საფრანგეთში საქართველოს საელჩო.
მამუკა ახალაძე, საქართველოს საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი: „გემს „ქარიბ პალმი“ (კარიბის პალმა) ჰქვია და საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ის ქალაქ ლილის მახლობლად დააკავეს. გემი მოლდოვეთის დროშის ქვეშ დაცურავს და მისი კაპიტანი, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეა – ბადრი ბერიძე. ეს ინფორმაცია ჩვენი წყაროებიდანაც მოვიპოვეთ და მისი ოჯახის წევრებმაც მოგვმართეს – შვილმა, გიორგი ბერიძემ. მან წერილობით გვთხოვა დახმარება. ჩვენ უკვე მივმართეთ ოფიციალურად /საქართველოს/ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა და საქართველოს საელჩოს საფრანგეთში ამ საქმის მოკვლევა დაავალა. საელჩოდან ჯერჯერობით მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ ფრანგი სამართალდამცავები დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მათ /საქართველოს საელჩომ/ უკვე მიმართეს საფრანგეთის ოფიციალურ უწყებებს უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და დეტალებს ალბათ მოკლე დროში შევიტყობთ“.
„მეტრონომი“ დაკავებული კაპიტნის, ბადრი ბერიძის შვილსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ თვენახევარია ოჯახს კაპიტანთან სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია:
გიორგი ბერიძე: „ჯერჯერობით არანაირი დეტალები არ ვიცით. ერთადერთი საფრანგეთში ველაპარაკე საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ სულაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩავაყენო საქმის კურსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ სახელმწიფომ ადვოკატის მეშვეობით უშუალოდ საფრანგეთიდან გამოითხოვოს ინფორმაცია. ჩვენ თვენახევარია მამაჩემთან სატელეფონო საუბარი არ გვქონია, იმიტომ რომ ის გზაში იყო – მთელი ოკეანე გადაიარა და საფრაგეთში კიდევ დააკავეს. 12 დეკემბერს უცნობმა პირმა დაგვირეკა, თავისი ვინაობა არ დაასახელა და თქვა, რომ მამაჩემის თხოვნით რეკავდა; გვითხრა, რომ არ გვენერვიულა, მამათქვენს რაღაც პრობლემა შეექმნა და გემი დაკავებულია, თვითონ კი საფრანგეთში იმყოფება, კერძოდ ქალაქ ლილის პოლიციაშიო. ამის მერე ტელეფონი გაითიშა და მერე ვეღარ დავუკავშირდით. იმ თურქული კომპანიის წარმომადგენლებს კი, ვინც ამ გემზე გაუშვა მამაჩემი, ტელეფონები გათიშული აქვთ – ორი ადამიანია ასეთი, ვისი კონტაქტიც გვქონდა.
გიორგი ბერიძემ ისიც გვიამბო, როგორ აღმოჩნდა მამამისი, ბადრი ბერიძე ამ გემზე. მისი თქმით, შეუძლებელია ქართველ კაპიტანს რამე კავშირი ჰქონოდა ნარკოტრაფიკთან – მას მოტყუებით ჩააბარეს „ქარიბ პალმის“ კაპიტნობა:
გიორგი ბერიძე: მამაჩემს თურქული კომპანიიდან დაუკავშირდა ამ კომპანიის მფლობელი, რომელმაც უთხრა, საზღვარგარეთ გემი ვიყიდე და თურქეთში ჩამოვიყვანეო. ამ მოლაპარაკების მერე მამაჩემი დომინიკის რესპუბლიკაში ჩაფრინდა. იქ რომ ჩავიდა, დაგვირეკა და გვითხრა, ეს ის გემი არ არის, რაც მფლობელმა მაჩვენა, სხვა გემი დამხვდაო. ძალიან ძველი, გაუმართავი გემია და ფაქტიურად არ მუშაობსო. ახლა თვითონ თურქები აკეთებენ, რომ როგორმე ზღვაში გასვლა შევძლოო. გემი იქიდან ცარიელი მოდიოდა, პოლონეთში უნდა შესულიყო. მამამ თქვა, რაღაც ტვირთს ალბათ სიმბოლურად დავაწყობთ, რომ ცარიელი არ შევიდეთ თურქეთშიო. თვითონ პოლონეთიდან სახლში ჩამოსვლას აპირებდა, იმიტომ რომ მოლაპარაკება ასეთი იყო – გემი თურქეთში უნდა ჩაეყვანა. თვითონ ერთი ქართველი იყო ეკიპაჟის წევრებს შორის, გემზე სულ თორმეტნი იყვნენ – უკრაინის და თურქეთის მოქალაქეები. ახლა თურქული კომპანიის წარმომადგენელს ტელეფონი გათიშული აქვს, იმიტომ რომ დამნაშავეა. კიდევ ორი-სამი გემის ყიდვას აპირებდა – ანუ ეს სერიოზულ ნარკობიზნესში ჩართული ადამიანები არიან, რომლებიც ასე, უდანაშაულო მეზღვაურების საშუალებით ახერხებდნენ ტვირთის გადატანას – თუ გაუვიდოდათ, ხომ კარგი. რადგან ტელეფონი გათიშული აქვს, დარწმუნებული ვარ, ახლა ან დაჭერილია, ან გაქცეული – თვითონ ხომ გაიგებდა, რა მოუვიდა გემს.
საფრანგეთს, ეტყობა ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი გემი არსებობდა. გემის კორპუსი დაუჭრიათ და იქიდან ამოუღიათ ნარკოტიკი. რატომ არ მიიყვანეს დანიშნულების ადგილას და რეალიზატორები ვინც იყვნენ, ისინი რატომ არ დააკავეს? ეს ბევრ კითხვას მიჩენს. რა ქნა ამით საფრანგეთმა – ქულები დაიწერა? ყველამ იცის, რომ მეზღვაურებს არავითარი ნარკოტიკის ყიდვის საშუალება აქვთ – აქ ასობით მილიონზეა ლაპარაკი“.
ამჟამად ქართველი კაპიტნის დაკავების შესახებ დეტალების გასარკვევას აქტიურად მუშაობს საქართველოს საელჩო საფრანგეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.