“თუ ჩვენ ამ პარტიაში (ევროპულ საქართველოში) ანტიგმირზე ვილაპარაკებთ, ანუ ადამიანზე, რომელიც აფრთხობდა ამომრჩეველს, ასეთი ანტიგმირი იყო ბოკერია, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი და დამაფრთხობელი ამომრჩევლისთვის. პარტია ამომრჩევლისთვის მუშაობს და ახლა რა ტენდენციაც განვითარდა, ამ პარტიას საერთოდ უკლავს ელექტორალურ შესაძლებელობებს. ის 3-4%-ც მიუღწეველი იქნება მათთვის”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მეტრონომთან პარტია ევროპულ საქართველოში იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც დღეს, 10 აპრილს განხორციელდა.
გია ხუხაშვილი მეტრონომთან ამბობს, რომ ევროპულმა საქართველომ თავისი სტრატეგია თავიდანვე დიდ შეცდომაზე ააგო. მისი თქმით, ნორმალურია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და ტოვებენ პარტიას.
“ევროპული საქართველოს ამბიციები ძალიან აჭარბებდა მათ რეალურ შესაძლებლობებს. განვითარების მათი სტრატეგია იყო თავიდანვე სისტმურ შეცდომაზე აგებული. მათ ჰქონდათ ილუზია, რომ იმ წარსულის პრობლემებს ჩამოიშორებდნენ, ყველა ცოდვას აკიდებდნენ მიშას, თვითონ გახდებოდნენ თეთრი და ფუშფუშები. ამაზე ააგეს მთელი თავისი პოლიტიკა, რამაც აჩვენა მათი წარუმატებლობა. ბუნებრივია, ამ დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის თავზე იმ ლიდერებმა, ვინც ეს სისტემური შეცდომები დაუშვეს. ნორმალურია, როდესაც ამ დროს ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას და ტოვებენ პარტიას”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა მეტრონომთან.
სერგი კაპანაძემ ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭო დღეს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა მეტრონომს დაუდასტურა. ამასთან, პარტია დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს. დღეს ევროპული საქართველოს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.