პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი სავარაუდოდ დაბრუნდება. როგორც მან მეტრონომს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კომიტეტი იმსჯელებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
“ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამინისტრო, ასევე პარლამენტის კომიტეტი იმსჯელებს და ბუნებრივია, რომ დაბრუნდება კიდევაც ელჩი.
უკრაინასა და ჩვენ შორის მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ აქვს მიმდგარი. ვნახეთ, რომ საგარეო კომიტეტმა გააკეთა უკრაინისთვის მხარდამჭერი განცხადება. ასევე დადებითად გამოეხმაურა უკრიანის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენს განცხადებას”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა მეტრონომთან.
2020 წლის მაისში, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშნეს.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნება.
ამ დროისთვის უკრაინა ფართომასშტაბიანი კონფლიტქის წინაშე დგას – 7 წლის შემდეგ დონბასში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება – არის მსხვერპლიც.