10 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საქართველო 2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურზე ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს.
29 წლის თამუნა ცატავა, 39 წლის მაყვალა გამისონია, 47 წლის ელგუჯა გვალია, 61 წლის თამაზ ბასლანძე – რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის თავიდან არიდების მიზნით, ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ.
მდინარე ენგურმა სამი ცხედარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, მეოთხე კი, ორსანტიაში გამორიყა.
ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მომხდარზე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი და რას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რა სირთულეების გადალახვა უწევთ და რა არის მათი მთავარი გზავნილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ – მეტრონომი გთავაზობთ ინტერვიუს ნინო რიგვავასთან, რომელიც ოკუპირებულ გალში ცხოვრობს.
მეტრონომი: ქ-ნო ნინო, რას ფიქრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ 5-დღიან სავალდებულო კარანტინზე, რომელიც უნდა გაიაროს მოქალაქემ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში?
ნინო რიგვავა: გალის მოსახლეობა ზუგდიდთან უფრო მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე სოხუმთან. პენსიონერები, ახალგაზრდები გადმოდიოდნენ ზუგდიდში ყველაფრისთვის, რაც გვჭირდებოდა ოჯახისთვის. გვყავს ახლობლები, ოჯახის წევრები, სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ, სწავლობენ თბილისსა და ზუგდიდში. რომ არაფერი ვთქვათ მონატრებაზე, დატირებაც კი, აღარ შეგვიძლია, იმდენად შეზღუდულები ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან ნახევარი დღით, ან თუნდაც ერთი დღით, სახლში ელოდება პენსიონერს მეუღლე, ვიღაცას შვილი, ან ავადმყოფი და მისთვის ეს 5 დღე არის დამაბრკოლებელი. ამიტომ, ხდება შემოვლითი გზებით საზღვრის გადალახვა. მაშინ, როცა რაღაც შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. აგვისტოში მეც გადავლახე მდინარე ენგური ბავშვთან ერთად. ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ღამის 02:00 გადავედით. ღმერთს ვუმადლი, რომ იმ ღამეს გადავრჩით.
– ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო?
– აქ ისედაც რთულია სიტუაცია და ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვებით. გასაგებია, რა თქმა უნდა, რომ კორონავირუსი მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ თუ ჩვენ საკუთარ მოსახლეობად მიგვიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ასეთი შეზღუდვები ჩვენთვის არ უნდა დაეწესებინა. პასუხისმგებლობას, ძირითადად, ვაკისრებ საქართველოს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს ადამიანები მათ მიერ დაწესებულ 5-დღიან კარანტინს გაექცნენ, ეცადნენ მდინარე ენგური გადაელახათ და დაიღუპნენ. მე ჩემი შვილები რამდენი ხანია არ მინახავს. მყავს სამი სტუდენტი შვილი, რომლებიც თბილისში სწავლობენ. მინდოდა შემოვლითი გზებით წასვლა, მაგრამ რაც წინა დღეებში დატრიალდა, იმის შემდეგ… რუსებმაც გააძლიერეს კონტროლი, მარტივად ვერ გადახვალ. შვილები სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ მათ ცოცხალი ვჭირდები. ხელისუფლებამ ბედის ანაბარად მიგვატოვა. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც შეგვიძლია, უდიდესი როლი შევასრულოთ აფხაზებისა და ქართველების შერიგების გზაზე. თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ოთხი მდინარემ წაგვართვა… მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ მრცხვენია, რომ ასეთი ქვეყნის მოქალაქე ვარ – დღევანდელი ხელისუფლების ფონზე. ეს თამამად შემიძლია ვთქვა. არაფერი არ კეთდება ჩვენთვის. რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს კიდევ, რომ მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს. ზურაბ აბაშიძე მიდის ჟენევაში მოლაპარაკებებზე და გალელებზე თუნდაც ერთი გადაჭრილი პრობლემა არ მინახავს მთელი ამ წლების მანძილზე. რისთვის გვინდა სამინისტრო, თუ ჩვენ გალში, უმცირესობაში მყოფ ქართველებს გვერდში არ დაგვიდგება? მართალია, ხელისუფლება სტუდენტებს ძალიან ეხმარება, მაგრამ ახლა ამ პრობლემასაც გადაჭრა სჭრიდება და რაღაც იმედს ვიტოვებ, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ.
– რა არის ოკუპირებული გალის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა?
– კარანტინის მოხსნა და მის ნაცვლად, შიდა იზოლაცია. აზრს ვერ ვხედავ, უბრალოდ, ადრე თუ 14 დღე ჰქონდა ვირუსს ინკუბაციის პერიოდი, ახლა 5 დღე როგორ გახდა? დაგვცინიან. PCR ტესტის საფუძველზე გაუშვან ადამიანები იზოლაციაში. როცა შენი ხელისუფლება ასე უდიერად გექცევა და ადამიანს სიცოცხლის ფასად უწევს შვილების ნახვა, არ ვიცი, რა ვთქვა. სიტყვები არ მყოფნის. მე ვაჟღერებ ყველა ჩვენგანის პოზიციას. მაშინ ნუ იძახიან, რომ აფხაზეთი საქართველოა. გამოდის, რომ ჩვენ არ ვართ მათი ხალხი და ისინი არ არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები.
– როგორია ამ დროისთვის ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში, რა ინფორმაციას ფლობთ?
– საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანებისთვის აქ მხოლოდ შიდა იზოლაცია მოქმედებს. გირეკავენ, მდგომარეობას გეკითხებიან, ზედმეტად არ გაწუხებენ. სასტუმროში გადაყვანა, კარანტინი და ა.შ. აქ არ არის. მე როგორც ვიცი, აქ კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ზუსტი ინფორმაცია დაინფიცირებულების შესახებ არ მაქვს.
– რა არის თქვენი გზავნილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოქალაქეების მიმართ?
– ჩემი გზავნილი იქნება ასეთი – ყველა დევნილმა, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გულთან ახლოს მიიტანოს გალის რაიონში მცხოვრებლების პრობლემები. ერთმანეთთან გვაკავშირებს ბევრი რამე. იქნებ, ყველამ ხმა ამოიღოს, ყველამ რომ თითო აგური დადოს პრობლემის მოგვარების გზაზე, რაღაც მოგვარდება. ეს შემზარავი ტრაგედია ყველას შეგვეხება სათითაოდ. საქართველოს კი, დასაკარგი შვილები არ ჰყავს. დაგვიდგნენ გვერდით. ჩვენს მოხუცებს, იქნებ, გაუადვილონ დარჩენილი ცხოვრება. ისინი აქ სიცოცხლის ფასად ინარჩუნებენ თავიანთ მეობას, ქართულ სულს. ნებისმიერი ქართველი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, არ კარგავს იმედს, რომ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს. ეს ბოლო წლები უფრო დათბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. მე ვფიქრობ, დრო სჭირდება ყველაფერს. არიან აფხაზეთში ისეთი ადამიანები, ნამდვილი აფხაზები, რომლებსაც ნამდვილად უნდათ შერიგება და მე ვფიქრობ, ეს დღე არც ისე შორს არის. მალე აფხაზეთში გათენებულ საქართველოში გაგვეღვიძოს ყველას.