პარტია კანონი და სამართალი ჯერჯერობით რჩება გაერთიანება სტრატეგია აღმაშენებელში. როგორც თაკო ჩარკვიანმა მეტრონომთან საუბრისას აღნიშნა, გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას განაგრძნობს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად ვაშაძესთან ექნება საუბარი და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოს დღეებში გახდება ცნობილი.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თუკი ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე არ წამოვა და ამის ფონზე, სტრატეგია აღმაშენებელი მაინც გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, რასაც თავად კატეგორიულად გამორიცხავს, კანონი და სამართალი შეწყვეტს გიორგი ვაშაძის ბლოკთან თანამშრომლობას.
“ვაპირებთ ამაზე საუბარს, არ დამიტოვებია მე ეს ბლოკი და დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით არ არის ამაზე საუბარი.
თუკი ხელისუფლება სერიოზულ კომპორმისზე არ წავიდა, არ დათმობს არაფერს და მაინც, “სტრატეგია აღმაშენებელი” გადაწყვეტს (პარლამენტში) შესვლას, რაც მე ვერ წარმომიდგენია გიორგისგან, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ამის თაობაზე განსხვავებული აზრი გვექნება. ვიცი, რომ არ აქვს გიორგის დაგეგმილი შესვლა, თუ ხელისუფლება არაფერზე წამოვიდა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მეტრონომთან.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. დანიელსონის მიერ წარმოდგენილ 5-პუნქტიან დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.