აუცილებელი მისამართები სპეციალურად თბილისის მერიისთვის
თბილისის გზები დიდად მოწესრიგებული რომ არ არის, ამას ნებისმიერი ხედავს, ვისაც ქალაქში სიარული უწევს. ტროტუარებზე უკვე აღარაფერს ვამბობ – სამანქანო გზებზეც გვარიანი ორმოებია და არც მძღოლებს ადგათ კარგი დღე. ამ ყველაფრის ფონზე თბილისის მერია ირწმუნება, რომ ქალაქში ორმოები უბრალოდ არ არსებობს (მაგალითისთვის, მსგავსი განცხადება: „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“).
თბილისის ფორუმზე თბილისურ ორმოებს ცალკე თემა ეძღვნება – „დიდი იამების მისამართები თბილისში, ეს მნიშვნელოვანია“.
„კი არ გვაქვს იამები თბილისში მაგრამ ოც წუთში 3-ჯერ ჩავარტყი მაგრად.
- სანაპიროზე ელიავას ხიდის ქვემოთ, შუქნიშანს რომ გაცდები მესამე ზოლში კაი მოშნი იამაა. მეგონა დისკი გავტეხე მაგრამ გადავრჩი.
- მაგ გაყოლებაზე გადასასვლელებთან არმისული ქვემოთ კიდე 2 დიდი იამა ( სანამ აუხვევ გმირთა მოედანზე )
- 112 ის გაყოლებაზე გაზის სადგური რომ არის, გადათხრილია და ზემოდან აყრია ხრეში.. უნდა ათრიო ხრეშზე სახით მაგის დამყრელი, იმიტომ რომ მანდ რომ მუხრუჭით გადახვიდე არის დიდი ალბათობა, რომ წაიღოს მანქანა ხრეშმა და გადავარდები ხრამში.
ხოდა ფრთხილად, და დაწერეთ იამების მისამართები“.
კომენტარებში ფორუმის იუზერები იმ ქუჩების სახელებს წერენ, სადაც დიდი ორმოებია, ზოგი ორმოების რუკის შექმნის ინიციატივით გამოდის:
„რუკა უნდა დაიდოს. მილიონი იამაა თბილისში. ხე ვის სჭირდება?“
„პეკინზე ბახტრიონის გადასახვევამდე, ზედ მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე სამი კაი მოშნი იამაა. და საერთოდ პეკინზე ასფალტი ბოლოს 1985 წელს დაიგო“.
„იამები კი არაა ეგენი, ხის დასარგავად გამზადებული ორმოებია“
„გაგარინის აღმართის დასაწყისში, მოყმის ძეგლთან არის დატოვებული დაუგებელი 10-მეტრიანი მონაკვეთი, შიგნით ამოშვერილი 3 ჭის სახურავით!“
„ზოგგან ისეთი გზაა, ორმოს და გზას ვერ ანსხვავებ ერთმანეთისგან“.
„გაგარინისა და ვაზისუბნის ქუჩების კვეთაზე იმხელა ღრმულია, გუშინ რამდენიმე წუთი იბუქსავა სედანმა, რომ გადაელახა… წურწუმიას ქუჩის გაგრძელება, მგონი ზურაბიშვილის ქუჩაა, შავი ზღვის ქუჩამდე არ მისული. ავტოსამრეცხაოსთან ორმო კი არა ხევია. მაგის გამო, ფაქტობრივად ის ზოლი უმოქმედოა …“
„სხვა არ ვიცი, მარა ნუცუბიძის მესამე პლატოდან ახალ გზაზე გაზგასამართი სადგურისკენ რომ ააჭრეს ასფალტი და ხრეში დაყარეს… ვინც ეგ მოიფიქრა და გააკეთა იმის დედის სისხლი #####ან. დავლეწეთ გუშინ მანქანა და გადავრჩით სიკვდილს“
„გურამიშვილის მეტროს რომ გაცდები, გლდანის მხარეს მარცხენა ბოლო ზოლში ისეთი ტალღებიაა(იამები) რო არ იცოდე უეჭველი დაილეწები. გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა სულ იამააა, და ვაბშემ გლდანის პარკთან ისეთი იამა გაიჩითა 2X2ზე მაინც იქნება,იქ რომ ჩაარტყა ჩათვალე მანქანა იქ დაგრჩა.
P.S. ნარმანია გაახილე თვალები და გამოეთრიე შენი კაპიბეტიდან და ხალხს მაინც ნუ აჯერებ რომ ქალაქში გზებზე წესრიგია. ხო მართლა ის დამავიწყდა, სარაჯიშვილის ხიდებს რომ აკეთებენ… 5ის ნახევრიდან 8 საათამდე მაქეთ მოხვედრას არავის გირჩევთ“
„სანაპიროდან ვეფხვი და მოყმესთან რო ადიხარ, დილაობით იმიტომ იჭედება, რომ 2 ზოლიან გზაზე მარჯვენა მხარეს დედა არ ჰყავს. დღეს ფორდ ტრანსიტმა ჩატოვა პერედოკი..“
„საბურთალო, პეკინის, 25-ს უფრთხილდით!!!! იამამაია მანდა და ფრთხილად იყავით“ (სტილი დაცულია)
და ასე შემდეგ.
ასე რომ, როგორც ხედავთ, თბილისის გზები ორმოების ნაკლებობას არ უჩივის და არც გზების შეკეთების გაწელილი პროცესი უხალისებს ცხოვრებას მძღოლებს.
მაგრამ
მაინც
ნუ გადავიწყდებათ, რომ:
თბილისში ორმოები არ არის!
P.S.’ თქვენთვის ცნობილი ორმოების შესახებ შეგიძლიათ აქვე, კომენტარებში დაწეროთ