გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამი მედპერსონალისთვის ბრალის წარდგენის ფაქტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება დაელოდება გამოძიების დასრულებას და იმ შემთხვევაში თუ ექიმიების ბრალეულობა ნამდვილად დადასტურდება, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს საკითხზე უფრო სიღრმისეულ მსჯელობას. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა რომ გუნდმა, ვინც მონაწილეობდა ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში, ინფორმაცია, რაც მისცა სამართალდამცავ ორგანოებს და ინფორმაცია, რომელიც მისცა მრეგულირებელ სააგენტოს, აღმოჩნდა, რომ იყო არასწორი და არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა, ასეთი ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია.
რეგულირების სააგენტო თავისი მხრივ გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით უკვე ექსპერტების კვლევის საფუძველზე, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამის მიხედვით, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წაუყენა. ექიმებსა და ექთანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს. ამ მუხლით 2-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის “ყველაფერი გაკეთდებოდა”.