ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკურად მიკერძოებულად არ თვლის ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, რომ გადაწყვეტლება მიიღოს ამ საქმეზე, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო.
“ვხედავდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იქნებოდა ეს ძირითადი, 20 ივნისის საქმე, თუ იქნეობდა ეს აღკვეთი ღონისძიების საკითხი, სამაჯურის მოხსნა და გადაგდება, ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ ვნახეთ. ამ კუთხით ჩვენი მოსაზრება, საზოგადოების აზრისგან არ განსხვავდება. არ მგონია ვინმე ფიქრობდეს, თუკი რათქმაუნდა ეს არ არის პოლიტიკურად მიკერძოებული, რომ აქ რაიმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აქვს ადგილი. რაც შეეხება დღევანდელ პორცესს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობას, ერთადერთი ინსტიტუტი ვისაც შეუძლია ამაზე პასუხის გაცემა არის სასამართლო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა გადაიდო და სასამართლო სხდომა 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.