ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. მელიას ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
თავად ნიკა მელია პროცესს არ ესწრება. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.
სასამართლოსთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.
ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.