რუსთავი 2 მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას აქვეყნებს. ბრალდებული ექიმი, რომელიც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ირწმუნება, რომ გარდაცვლილ ექთანს ადრენალინი გაუკეთა, შეცვლილ ჩვენებაში აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია.
“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა მინახავს, ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია. არაფერი მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე”, – აცხადებს ბრალდებული ექიმი.
კითხვაზე გაუკეთა თუ არა რეაქციის შემდეგ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი, ვიოლეტა ინასარიძე აცხადებს, რომ არა, რადგან საჭიროდ არ მიიჩნია.
“არა, არაფერი გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”, – ამბობს ჩვენებაში ექიმი.
ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია არ არსებობდა.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.