ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: დანიელსონმა ასე დააყენა საკითხი – ან 5-ვე საკითხზე მოხდებოდა შეთანხმება, ან შეთანხმება არ შედგებოდა

გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების მიზეზებზე პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნებისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების ხუთივე პუნქტი აღმოჩნდა მიუღებელი და ჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ამიტომ ვერ შედგა შეთანხმება მხარეებს შორის.

“მანდ საუბარი არ იყო, რომ სამ პუნქტზე მოწერილიყო ხელი. თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით და დანიელსონმა ასე დააყენა საკითხი, რომ ან შეთანხმება ხდება ხუთივე საკითხზე, ან შეთანხმება არ ხდება. ქართულ ოცნებას ჰქონდა მცდელობა, კონკრეტულად თალაკვაძე-კობახიძეს, რომ ჯერ ოპოზიციას დაეფიქსირებინა პოზიცია, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამ ტექსტზე თანახმა არ ვიქნებოდით. შემდეგ რომ ეთქვათ, ოპოზიცია არ არის თანახმა და ამიტომ არც ჩვენ ვართ თანახმა.

დანიელსონი ძალიან ღირსეულად და პატიოსნად მოიქცა. შეეძლო ასე დაეტოვებინა, მაგრამ არ დატოვა. თქვა, რომ თუ ამ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, ეს ორი საკითხი გადავდოთ გვერდზე და ავიღოთ დანარჩენი სამი საკითხი. დანიელსონმა ოცნებას რომ შეუტრიალა შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, მათ თქვეს, რომ ამ დოკუმენტის ზოგად ჩონჩხს ვეთანხმებით, მაგრამ გვაქვს რაღაც ტექნიკური შენიშვნებიო. დანიელსონს სურდა, დაეფიქსირებინათ ეს ტექნიკური შენიშვენები რა იყო. აღმოჩნდა, რომ მთელი პუნქტები ჰქონდათ ჩამოთვლილი, რასაც არ ეთანხმებოდნენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....