გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის მრჩეველთა ორგანოს თქმით, 30 წლამდე პირებს AstraZeneca-ს ალტერნატივას შესთავაზებენ. ამის მიზეზად, თავის ტვინში თრომბის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი დაასახელეს:
“არსებული მონაცემებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ვაქცინაციასა და იმუნიზაციაზე ბრიტანეთის ერთობლივი საბჭოს (JCVI) რჩევით, სასურველია 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივა შესთავაზონ, თუ ეს შესაძლებელია”. – განაცხადა JCVI-ს კორონავირუსის საკითხის ხელმძღვანელმა, ვეინ შენ ლიმმა.
ბრიტანეთის წამლების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტომ მარტის ბოლომდე ბრიტანეთში თრომბის 79 შემთხვევა ნახა. 19 გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში 20.2 მილიონი ვაქცინის დოზა იყო გაკეთებული. მარეგულირებელ ორგანოში თქვეს, რომ ეს არ იყო იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გამოიწვია თრომბი. თუმცა აღნიშნეს რომ კავშირი უფრო მყარი ხდებოდა. ორგანოში განაცხადეს, რომ გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათი იყო და ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურებული იყო. ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინის მიღების სარგებელი დიდი უმრავლესობისთვის კვლავ ძალიან დიდია.
იმ პირებმა, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზა მაინც უნდა გაიკეთონ. ბრიტანეთის წამლების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოში განაცხადეს, რომ მხოლოდ მათ ვისაც ვაქცინის პირველი დოზის მიღებს შემდეგ თრომბი განუვითარდა, მეორე დოზა აღარ უნდა მიიღონ. ადამიანებს, რომლებსაც ჰემოლოზური დაავადებები აქვთ, ექიმთან უნდ განიხილონ ვაქცინაციის სარგებელი და რისკები.