დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, დღევანდელი ეპიდსიტუაციის მთავარ გამომწვევ მიზეზად ჭირისა და ქორწილების გამო გამართული სუფრები დაასახელა. ამ კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.
იმნაძის თქმით, რეგულაციების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სადაც რეგულაციები დაცულია იქ ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.
„შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც რეგულაციები დაცულია, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა იმნაძემ
შეგახსენებთ, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 8 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.