ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა. ოფიციალურ განცხადებაში მიზეზად კი ყალბი და დუბლირებულ ანგარიშების გამოყენება მიუთითა. ქართული მარშის ერთ-ერთ ლიდერი სანდრო ბრეგაძე მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ დაბლოკილი გვერდების 99% ქართულ მარშს არ ეკუთვნის და მათგან მხოლოდ ორი: ქართული მარშის მთავარი და ახალგაზრდული ფრთის გვერდები დაიბლოკა, დანარჩენი კი ჩვეულებრივი ადამიანების გვერდებია.
მისი თქმით, ეს შემთხვევა მედიცენზურის კლასიკური მაგალითია, რომელიც პოლიტიკურ დიქტატურაში გადაიზარდა.
“ეს არის მედიაცენზურის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ჩვენ ვხვდებოდით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. როდესაც განსხვავებული აზრის გამო ყველაფერს ბლოკავდნენ. ეს არის კლასიკური მედიადიქტატურა, რომელიც პოლიტიკურ დიქტატურაშიც გადაიზარდა. მე ეს არ გამკვირვებია, რადგან ქართულ მარშს კი არა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სოციალური ქსელები აბსოლიტურად უმიზეზოდ დაუბლოკეს.
თუმცა ძალიან სასაცილოა მათი ეს არაკომპეტენტურობა, რადგან დაბლოკილი გვერდების 99 % ქართულ მარშს არ ეკუთვნის. ეს იყო სხვადასხვა ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების სფეროს გვერდები, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები იყენებდნენ. იქ არის მხოლოდ ორი ქართული მარშის გვერდი: ჩვენი ოფიციალური და ასევე ქართული მარშის ახალგაზრდული ფრთის”, – განაცხადა მეტრონომთან პოლიტიკოსმა.
კითხვაზე, თუ რატომ დააკავშირეს დაბლოკილი გვერდები მაინცდამაინც ქართულ მარშთან, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ის ამჟამად მუშაობს საქმეზე, სადაც ფიგურანტებად არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაია და ასევე მისი მოადგილე ბათუ ქუთელია. მათ მხილების ეშინიათ და ასე გადაწყვიტა ბათუ ქუთელიამ ქართული მარშისთვის ზიანის მიყენება.
“მე ამჟამად ვმუშაობ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილ კონკრეტულ რამოდენიმე დანაშაულს. ეს არის წამება და მამაკაცების გაუპატიურება, რომელშიც ერთ-ერთ ფიგურანტად არის ბათუ ქუთელია, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. ახლა ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკურ საბჭოში. სწორედ ამ არასამთავრობოს მიერაა მიწოდებული არასწორი და არაკომპეტენტური ინფორმაცია ფეისბუქისთვის, რათა ქართული მარშისთვის ზიანი მიეყენებინა. ფეისბუქმა კი ქართული მარშის გვერდთან ერთად გააუქმა უბრალო ადამიანების გვერდები, რომლებიც ამას იყენებდნენ საკუთარი მცირე ბიზნესისთვის.
მე ვპირდები ბათუ ქუთელიას, რომ მას ეს არ უშველის და მთელი საქართველო გაიგებს მის გარყვნილ და არაადამიანურ ქმედებებს. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ბათუ ქუთელია ავრცელებს ამ ყალბ ინფორმაციას და ასეთი სერიოზულ კომპანია, როგორიც ფეისბუქია, შეცდომაში შეჰყავს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით 1167 ფეისბუქ ანგარიში, 290 ინსტაგრამი ანგარიში, 255 გვერდი და 34 ჯგუფი წაშალა. მათ შორისაა ქართული ანგარიშებიც. 23 ფეისბუქ ანგარიში, 24 გვერდი და 12 ჯგუფი. ეს ანაგრიშები კავშირშია ქართულ მარშთან.