“სააკაშვილი რომ ჩამოაგდო, ამის გამო ჩემთვის ივანიშვილი ღმერთი არ გამხდარა, არც ჩერნოვეცკი გახდება, როცა ის ივანიშვილს ჩაანაცვლებს“ – ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე გამოცემა for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ძალიან ანჩხლი კაცი ვარ და ჩემთვის ავტორიტეტი არ არსებობს. ხშირად მეუბნებიან – თქვენ ივანიშვილისგან წამოხვედით! სააკაშვილი რომ ჩამოაგდო, ამის გამო ჩემთვის ივანიშვილი ღმერთი არ გამხდარა, ისევე როგორც სააკაშვილი ვერ გახდა ღმერთი აბაშიძის ჩამოგდებისთვის, ღმერთი არც ჩერნოვეცკი გახდება, როცა ის ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. ჩემი ღმერთი საქართველო და ხალხია“ – ამბობს დუმბაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას, „ბედნიერ საქართველოს“.
„ჩვენს პარტიას ძალიან დიდი რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება და პარლამენტშიც წარმოდგენილი ვიქნებით. რაც ამ პარტიაში გაწევრიანების თაობაზე განცხადება გაკეთდა, ჩემი ტელეფონი გადახურდა“ – ამბობს მურმან დუმბაძე.
შეგახსენებთ,რომ კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამჟამად საქართველოში, ქობულეთში ცხოვრობს, 2016 წლის საპარლამენტო არცევნებში აპირებს მონაწილეობას. ამისთვის მან პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველო“ ჩამოაყალიბა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნოვეცკი ქველმოქმედებასაც ეწევა – მას საქართველოში საკუთარი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქვს, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება.