ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

რამდენად ეთიკურია ტელევიზიის მეპატრონემ TV რეიტინგები ზომოს?

ექსკლუზიური ინტერვიუ “თივიემარ საქართველო”-ს დირექტორ, ნინო გოგოლაძესთან

სატელევიზიო რეიტინგების მზომი ახალი კომპანია შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი” 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე შემოვა, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიანტია. პროექტს შექმნიან და აღასრულებენ სოციოლოგი მერაბ ფაჩულია და “კვირის პალიტრის” ყოფილი რედაქტორი და მედია ჰოლდინგის, “პალიტრა მედიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თევდორაშვილი. მთვლელის პროექტი კომპანია “გორბის” ბაზაზე გაკეთდება.

კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები სწორედ  მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” წილის მფლობელია.

2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო რეიტინგის გაზომვებს ერთი კომპანია, საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტი, “თი-ვი-ემ-არ საქართველო” ახორციელებდა. მონოპოლისტი კომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა წლებში ბევრი შენიშვნა გაჟღერებულა, თუმცა საბოლოო ჯამში “თი-ვი-ემ-არ საქართველო” შეუცვლელ კომპანიად რჩებოდა. ამ ეტაპზე, 2016 წლიდან მაყურებელს და რეკლამის დამკვეთ კომპანიებს სატელევიზიო რეიტინგებს ორი კომპანია მიაწვდის. „მეტრონომი“ დაუკავშირდა “თი-ვი-ემ-არ საქართველო”-ს დირექტორს, ნინო გოგოლაძეს და თემის ირგვლივ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

მეტრონომი“: ბაზარზე რეიტინგების ახალი მთვლელის შემოსვლას როგორ შეაფასებთ? რას გამოიწვევს ეს? არსებობს ვერსია, რომ ეს გაზრდის კონკურენტულ გარემოს და შესაბამისად უფრო ზუსტ რეიტინგებს მიაწვდის მომხმარებელს. თუმცა, მეორე აზრის თანახმად, ბაზარზე ორი მთვლელის არსებობა უფრო მეტ უზუსტობას შექმნის.

შპს “თივი ემარ საქართველოს” დირქტორი, ნინო გოგოლაძე: სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2015 წელს გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს რომ ბაზარზე არსებულ თითოეულ მოთამაშეს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე შარშან იყო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, საიდან გამოიძებნა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ახალი კომპანიის დასაფინანსებლად, ხომ არაა ეს კიდევ ერთი მცდელობა შეიქმნას პოლიტიკური გამზომი, როგორც ეს 2007 წელს მოხდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით შეიძინა გამზომი მოწყობილობები და ისინი გადასცა კომპანია “ბი-სი ჯი კვლევას”, რეიტინგების გაზომვის მიზნით.

იმ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ Music box-ისა და სარეკლამო სააგენტოების გარდა, ყველა კონტრაქტორი სატელევიზიო კომპანია დაკარგა. თუმცა, მოგვიანებით ეს თანამშრომლობა აღდგა, ვინაიდან მათ მიიღეს დაბალი სტანდარტის, გაუგებარი მომსახურება, ხოლო კონკურენტმა კომპანიამ სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა შეწყვიტა.

თუ ორი კომპანია სხვადასხვა შედეგებს აჩვენებს, როგორ უნდა გაირკვეს, რომელია ზუსტი?

– ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რომელიც ახლა არსებობს. კომპანია “თი-ვი-ემ-არ საქართველო”-მ გაიარა 4 საერთაშორისო აუდიტი, რომელთა დასკვნებიც იყო დადებითი და დადასტურებულია, რომ კვლევა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად მხოლოდ საერთაშორისო, დამოუკიდებელ აუდიტს შეუძლია დაადასტუროს სატელევიზიო გაზომვების შედეგების სისწორე და ნამდვილობა.

–  რატომ  გაჩნდა ბაზარზე  მეორე  მთვლელის  შემოყვანის აუცილებლობა?

– როგორც ზემოთაც ვახსენე, მეორე მთვლელის გაჩენა ბაზარზე ნაკარნახევია არა კომერციული, არამედ პოლიტიკური მიზნებით. რასაც ადრეული პრაქტიკაც ცალსახად ადასტურებს.

თუ შეიძლება მკითხველისთვის გასაგები ენით რომ ვისაუბროთ. რას ნიშნავს რეიტინგების თვლა და როგორ ხდება ტექნიკურად?

– სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა ხდება მოწყობილობა „ფიფლმეტრის“ მეშვეობით, სპეციალური კვლევის დახმარებით შემთხვევით შერჩეულ ოჯახებში.

თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება ამ მხრივ დასავლეთში, როგორ იყენებენ რეიტინგების მთვლელს ან რას იყენებენ ამისთვის?

–  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს მხოლოდ ერთი გამზომის არსებობას ბაზარზე. როგორც წესი, ინდუსტრიული კომიტეტი ან მაუწყებელთა და სარეკლამო სააგენტოების ასოციაცია ატარებს ტენდერს და ირჩევს გამზომ კომპანიას, რომელიც ატარებს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს მინიმუმ 5-7 წლის ვადით. შესაბამისად ბაზარი თავადვე ირჩევს გამზომს, თავადვე ახდენს მის აუდიტირებას საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ და თავად გვევლინება გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მფლობელად. შესაბამისად ამგვარი ბაზრები დაცულია გაურკვეველი წარმომავლობის და მიზნების მქონე გამზომების გამოჩენისაგან.

ერთ-ერთმა ტელევიზიის დირექტომა განაცხადა, რომ გადახედავს სიტუაციას და შემდეგ გადაწყვეტს რომელ კომპანიასთან ითანამშრომლებს. რა შეიძლება გახდეს ორ კომპანიას შორის ტელევიზიების ან სარეკლამო კომპანიების მხრიდან არჩევანის მიზეზი?

– ტელევიზიების და სარეკლამო სააგენტოების მხრიდან არჩევანის საფუძველი მხოლოდ მონაცემების ხარისხი იქნება. ვინაიდან გაურკვეველი საფუძვლით და მიზნებით შექმნილი კომპანია ვერ მიაწვდის ბაზარს სანდო მონაცემებს, ბაზარი ისევე მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც ეს 2007-2009 წლებში მოხდა. კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო”, Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების ოფიციალური პარტნიორია და საქართველოში 2005 წლიდან უწყვეტად აწარმოებს კვლევას. კომპანიამ გაიარა 4 საერთაშორისო აუდიტი, რომელთა დასკვნებიც იყო დადებითი და დადასტურებულია, რომ კვლევა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 11-წლიანი გამოცდილება სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა

რამდენად ეთიკურია, ან კანონსაწინააღმდეგო, რომ ტელევიზიის მეპატრონე იყოს რეიტინგების მთვლელი კომპანიის ხელმძღვანელიც?

– გამზომი კომპანია არ შეიძლება იყოს დაკავშირებული არც ერთ მედია საშუალებასთან. ეს სტანდარტი გაწერილია კვლევითი კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის ESOMAR-ის მიერ შედგენილ გაიდლაინებსა და ეთიკის სტანდარტებში. კომპანია “თი-ვე ემ-არ საქართველო” ამ ასოციაციის  წევრია დაფუძნების დღიდან და პირადად მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი ამ ასოციაციაში. მსგავსი კავშირი არათუ არაეთიკურია, არამედ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს გამზომის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

P.S. ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ახალი კომპანიის ხელმძღვანელებსაც, რომელთანაც ინტერვიუს აუცილებლად შემოგთავაზებთ

მანა ნოდია

იტვირთბა....