“არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც, მერე, გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა და ამით ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მეუფე გრიგოლის შეფასებით, ჭყონდიდში განვითარებული მოვლენები ეპარქიის შიდა საზღვრებს სცდება და იგი უფრო ღრმა და ფართომასშტაბიანია.
“ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება, ასე ვიხმაროთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. ამ ისტორიას ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებით სხვადასხვა ეკლესიისგან, სხვადასხვა დიდი სახელმწიფოსგან, სადაც არა თუ ერთი, არამედ მრავალ მიმდინარეობად არის ეკლესიები დახლეჩილი და არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც, მერე, გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!
ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერ შვილებთან, ჩვენს ძმებსა და დებთან! მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება! მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ! ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს! ვილოცოთ, რომ ამ სიმშვიდემ ჩვენ მოგვიტანოს ერთობა და სულიერი ძალები შეგვმატოს და არ დაგვაშოროს, არ დაგვათითოკაცოს…
რამდენს გაუძლებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ძნელი სათქმელია. ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მძიმე საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც იბრძოდნენ, სიცოცხლეს არ იშურებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი საკითხი ეკლესიასთან მიმართებაში და არა მარტო ეკლესიასთან მიმართებაში, ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილება, რაც ამახინჯებს მოვლენების შინაარსს და ბუნებრივია დამახინჯებულად წარმოჩენილი შინაარსი არასწორად ანალიზისკენ უბიძგებს ადამიანს და შესაბამისად, არასწორი დასკვნები კეთდება, რომელიც ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი…
ქრისტიანობა, ეს არის ჯვარცმულისადმი მიმდევრობა, მისი თაყვანისცემა, მაგრამ ქრისტიანობა გონიერებაც არის ასევე”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილმა ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს (მდივანი) კი არქიმანდრიტის ხარისხი.
29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. მას ჩამოერთვა ზიარების უფლებაც. იგივე სასჯელი „ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ დაეკისრა კიდევ 10 სასულიერო პირს.