ახალი ამბები მთავარი

თურნავა ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს: ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, კაშხლის მშენებლობა გადაიდო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სოფელ გუმათში ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა  აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, კაშხლის მშენებლობა გადაიდო. მინისტრის თქმითვე, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების განმავლობაში აქვს მომზადებული კომპანიას.

“მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებსა და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოს.

მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ – რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში. ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში, მანამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისათვის, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში აქციას მართავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

იტვირთბა....