აცხადებს ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი
“მე საკუთარ თავს პოლიტიკურ დევნილად განვიხილავ, თუმცა სამწუხაროდ პარლამენტმა თავის დროზე ასე არ ჩათვალა“ – განაცხადა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვედრას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
„მაშინ მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი და მასალების, საბუთების შეგროვება დავიწყე. ადვოკატის მეშვეობით მქონდა კონტაქტი. დაპირებით არავინ გვპირდებოდა გათავისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი იყო”, – ამბობს ბრალდებული.
ბოჭორიშვილმა ე.წ. კოკაინის საქმეზეც ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ მაშინ დანაშაული არ მომხდარა. “შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნას, ყოველწლიური ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ 2010 წელს. იქ წერია, რომ 2010 წელს საქართველოში ამოღებულია 0 გრამი “კოკაინი”. ანუ საქართველოში არ უმოძრავია. 0.9 გრ. კოკაინი იყო, თუმცა ვიღაცის სახელზე და არც ერთი ჩვენგანის სახელი იქ არ ფიგურირებს. მე ვარ გასამართლებული 200 გრ. კოკაინის გამო. მითხარით სად წავიდა დანარჩენი, ვინ შეჭამა, როგორ შეიძლება ჰაერზე გაასამართლო ადამიანი?! – ამბობს ბოჭორიშვილი – დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ. გადამიხადე და შენს მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა. დამირეკეს რამდენჯერმე კუდ-ის და თოფურიძის დავალებით. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ 3 მლნ. ევროს მთხოვდნენ, დანარჩენს ჩემი ნათესავების თავისუფლების სანაცვლოდ. მე არ დავთანხმდი და ბოლომდე ჩამძირეს”, – განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში დააკავეს. ესენი იყვნენ: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით, ტვირთში კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული.