საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე, წითელი ჯვრის დახმარებით, ოჯახმა მოინახულა. როგორც მეტრონომთან გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი აცხადებს, ზაზა გახელაძეს სახლში დაბრუნების იმედი არ აქვს.
ირმა ბუთხუზის თქმით, ამ დროისთვის ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“გადასვლა და ზაზასთან შეხვედრა წითელი ჯვრის მეშვეობით მოხდა. ზაზას ჯანმრთელობა დღესდღეობით დამაკმაყოფილებელია. ზაზა უიმედოდაა. მას ენატრება სახლში დაბრუნება, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ რაღაც შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს თვალს ადევნებს, აქვს კამერაში ტელევიზორი, დახმარების იმედი არ აქვს. რა იმედსაც ხელისუფლება ჩვენ გვაძლევს, ციხის კედლებში ეს არ ჩანს და იქიდან ეს არაფერია”, – აცხადებს ბუთხუზი.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება. ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.