ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სად არის კონტროლი: ვინ ამოწმებს საკვებს ბაზარში გატანამდე?

მომხმარებლის ჯანმრთელობა მხოლოდ მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული

მას მერე რაც მცირეწლოვანმა ბავშვმა ბურბუშელა „მინსტერში“, საახალწლო  საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა გადაყლაპა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით სპეციალისტებს, რომლებიც აგვიხსნიდნენ, არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რომ მომავალში თავი დავიცვათ მსგავსი შემთხვევებისგან.

შეგახსენებთ, ეს შემთხვევა გუშინ მოხდა. მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც გავარკვიეთ ყველაფერი მეწარმის კეთილსინდისერებაზეა დამოკიდებული და არ არსებობს რაიმე დამატებითი ბერკეტები, რომლითაც სახელმწიფო დახლზე დადებამდე გააკონტროლებდა ბაზარზე შემოსულ ახალ პროდუქტს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მომხარებელი. ჯი“-სა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, მეწარმეს კანონი ავალდებულებს მომხმარებლისთვის მავნე პროდუქტი არ გაიტანოს ბაზარზე. თავად მეწარმე რამდენად ადექვატურად აღიქვამს და მოქმედებს ამ კანონით, და საერთოდ,  იცნობს თუ არა ზედმიწევნით მას, მომხდარი შემთხვევიდანაც კარგად ჩანს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, პროექტიმომხმარებელი.ჯი, ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი: “ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ორგანო და ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვაწვდით. თუ რამე დარღვევას აღმოაჩენს სააგენტო ჩვენს მიერ  მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, კანონის მიხედვით ხდება რეაგირება”.

„მეტრონომი“: როგორ ხდება პროდუქტის შემოწმება ?

– ჩვენი შემოწმების ეტაპები ასეთია: როცა მომხმარებელი მოგვმართვას საჩივრით,  მისი საჩივრის მიხედვით დგება პარამეტრები თუ რა და სად უნდა შემოწმდეს. შემდეგ პროდუქტი მიგვაქვს ლაბორატორიაში სპეციალური შემოწმებისთვის. თუ აღმოჩნდა დარღევა, მეწარმეს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ვაკავშირებთ.

სანამ მომხმარებელი მიმართავს საჩივრით ვინმეს, მანამდე ვინ ამოწმებს პროდუქტს?

– სურსათის ეროვნული სააგენტო და მეწარმე, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია შეამოწმოს პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც აპირებს.

ანუ მხოლოდ მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მომხმარებელი?

– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მეწარმე კანონის წინაშეა პასუხისმგებელი და ვალდებული, რომ კანონის შესაბამისი პროდუქცია გამოუშვას. როცა დარღვევა გამოვლინდება, სურსათის ეროვნული სააგენტო სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავს. სურსათის ეროვნულ საგენტოს ევალება ბაზრის მონიტორინგიც და კონტროლიც.

სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც განგვიცხადეს, რომ მეწარმე ვალდებულია კანონი დაიცვას… ჩვენ ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს.

მეტრონომი“: როგორ მოწმდება სააგენტოს მიერ ბაზარზე გასატანი პროდუქტის ავკარგიანობა?

კახა სოხაძე: შემოწმება ხდება საწარმოების დონეზეც და შემდეგაც, როცა პროდუქტი უკვე ბაზარზეა წარმოდგენილი.

ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენის შემდეგ სააგენტომ ოპერატიულად იმოქმედა და მეწარმეს საწარმო პროცესი შეუჩერდა არა მხოლოდ ამ დარღვევის, არამედ აღმოჩენილი სხვა დარღვევების გათვალისწინებით. მას დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. სხვა ბიზნეს ოპერატორების მონიტორინგიც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და დარღვევის გამოვლენის შედეგად კანონის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეროვნული სააგენტო გააგრძელებს ყველა კომპანიის შემოწმებას, რადგან ჩვენთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა მეწარმის ეს ნაბიჯი. მეწარმეები ხანდახან ჩვენთან შეუთანხმებლად და  დაუფიქრებლად აწარმოებენ  საქმიანობას და კიდევ კარგი, რომ ეს შემთხვევა უფრო სავალალო შედეგით არ დასრულდა. მეწარმეს კანონით ეკრძალება მომხარებლისთვის საზიანო პროდუქტის ბაზარზე გატანა და მსგავსი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ის კანონის წინაშე აგებს პასუხს.

ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენია, მკითხველს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რადგან მეწარმის კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულება, ფაქტია, რომ არც  თუ ისე საიმედოა. თუმცა, აქვე დავძენთ და დავამშვიდებთ საზოგადოებას, რომ ბურბუშელა “მინსტერის” მწარმოებელ კომპანიას საწარმო პროცესი შეუჩერეს და მისი პროდუქცია გამოტანილი იქნება ბაზრიდან.

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....