ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა

გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი – „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით – „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საქართველოს მუდმივ პრობლემებს უქმნის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იმ აქციას, რომელიც პოზნერის ვიზიტს მოჰყვა, ფსევდოპატრიოტულს უწოდებს.

“ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.

ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი – ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი – ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო”, – წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....