რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტსა და 31 მარტს განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ მოვლენაზე ზღვარგადასული რეაქცია საქართველოს ფინანსურად დააზარალებს:
“პოზნერის ვიზიტზე – თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.
შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.
სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება”, – წერს კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.