ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: “პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მქონდა იმ წრიდან, რომელიც მასპინძლობდა”

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას  პასუხობს და აღნიშნავს, რომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან ჰქონდა.

“კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ, აქ მთავარია სახელმწიფო როგორ იქცევა მთლიანად და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად ვინც მასპინძლობდა, იმ ქართველების გაშავება. არც კი მითქვამს იმ ადამიანების დამუნათება. ეს არ არის ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. მე მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც ძალიან კონკრეტული არგუმენტებით მივმართე, რომ ამ კაცის შემოშვება იქნება პრობლემა და არ უნდა შემოუშვათ, ამის უფლება გაქვთ”, – ამის შესახებ ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოზნერის ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. მან რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....