რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, პოზნერს ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება.
საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტის გამოხატვის უფლება.
აი, ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:
1. მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.
2. სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე “ხელი მოაწერა”.
3. რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.
4. პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე.
შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი.
P.S. თუ ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეულია, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე…”, – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.