ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი პაპუაშვილს: “დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში”

“ბატონო შალვა, მინდა მოგილოცოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც და ბატონმა ალეკო ელისაშვილმაც მხარი დავუჭირეთ თქვენს კანდიდატურას”, – ასე მიმართა “მოქალაქეებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა “ქართული ოცნების” დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, შალვა პაპუაშვილი არის კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანი. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით დაუჭირა მხარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ მის არჩევას.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე რაღაც პერიოდი მომიწია ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირე მას მხარი. არ ვიცი კიდე თუ ექნება ვიღაცას იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლათ”, – მიმართა ლევან იოსელიანმა შალვა პაპუაშვილს.

ცნობისათვის, შალვა პაპუაშვილის კანდიდიდატურას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. პაპუაშვილმა თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

იტვირთბა....