დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები რამდენიმე რეგიონში. მისივ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, ბოლო ორი კვირაა როგორც 7, ისე 14 დღის მრუდი მიდის ზემოთ.
„ეპიდვითარების კუთხით, ბოლო ორი კვირაა, ტენდენცია გაუარესდა. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოვუწოდებთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ბოლო 2 დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრაზე მიმართვიანობა. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ კი 1000-ზე მეტი, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში.
კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, გუშინწინ და გუშინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია. გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.
თუმცა, 30 დღის ანუ მარტის მრუდი გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებლით. ამიტომ გვინდა, რომ მარტის მრუდი შევინარჩუნოთ აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში. თუ ჩვენ ამას ერთობლივად შევძლებთ და ამის ერთადერთი იარაღი გახლავთ რეკომენდაციების დაცვა, მაშინ ჩვენ ივნის-ივლისში, თბილ პერიოდებში უკვე მეტი იმედით შევალთ, რომ მესამე ტალღას ავცდებით. თუ ამ ყველაფერს არ დავიცავთ, სამწუხაროდ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.