შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“ სამი პირი შეიჭრა და მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
უწყების ცნოით, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავა.
“პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა – 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა,”- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.