ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთი საკითხიდან ორზე მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა:
“ხუთი საკითხი იყო დოკუმენტში, საიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, გადანაწილება პარლამენტში… დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების, ამნისტიის თემა. მე ვფიქრობ, რომ აქ წავიწიეთ წინ და რაც არ განგვიხილავს, არ იყო დოკუმენტში ისე, როგორც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში. თქვენ გახსოვთ, რომ იქ იყო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომ შესაძლო საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, ან პლებისციტი – ასე ეწერა. ეს საკითხი გაშლილი არ არის.
ჩვენ ბოლოს დავშორდით, მაგიდა დავტოვეთ, სადაც ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის, იმიტომ, რომ 5 საკითხიდან სამი საკითხი არის შეთანხმებული, ოღონდ რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ის გააგრძელებს კონსულტაციებს პრეზიდენტ მიშელთან”, – განაცხადა ლელოს ლიდერმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.