ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი: “არ გამოვრიცხავ, რომ „ნაცმოძრაობის“ ბლოკიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თამამი გადაწყვეტილება მიიღოს”

“შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ დათანხმდნენ ამ შეთავაზებაზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ნაცმოძრაობის“ ბლოკიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ინდივიდუალურად უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღოს,” – აღნიშნული განცხადება „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

იოსელიანის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ყველა თუ არა, პოლიტიკოსების ნაწილი იაზრებს ამ შეხვედრისა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული დოკუმენტის მნიშვნელობას და ისინი მოაწერენ ამას ხელს. ახლა საუბარი არის არა იმაზე, თუ ვის რა აწყობს, არამედ იმაზე, რომ ქვეყანაში განვითარდეს ინსტიტუციები. ამის ხელიდან გაშვება იქნება ქვეყნის საზიანოდ გადამდგარი ნაბიჯი ყველასგან, ვინც უარს იტყვის ამ ყველაფერზე ერთჯერადი ვადამდელი არჩევნების გამო. პოლიტიკური კრიზისი ისევ აალდება პირველსავე არჩევნებზე, თუ ჩვენ არ განვავითარებთ ინსტიტუციებს.

შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ დათანხმდნენ ამ შეთავაზებაზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ნაცმოძრაობის“ ბლოკიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ინდივიდუალურად უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. პირადად ვიცნობ ასეთ ადამიანებს, მისაუბრია მათთან, ვიცი მათი დამოკიდებულება საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და მათ კარგად აქვთ ეს ყველაფერი გააზრებული. თუ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, დარჩეს ამ პროცესების მიღმა, ჩემი აზრით, ეს მათი პერსპექტივისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუმცა მე ამ პარტიაზე არ ვწუხვარ და არ ვდარდობ. ეს არ არის პარტია, რომლისთვისაც მე გული შემტკივა. ამიტომ უკეთესი იქნება, რომ დანარჩენმა ძალებმა გადადგან მათი პოლიტიკური მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს პროცესი პარლამენტში გააგრძელონ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიღმა დარჩენის შემთხვევაში პარტიებს, რომელმაც ახლა აიღეს სტარტი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის პერსპექტივაც არ ექნებათ, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

იტვირთბა....