“პოზიტიური არის მოლოდინი, ასე რომ არ იყოს მხარეები მოლაპარაკებებზე არ შევიდოდნენ,” – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეთანხმების მიღწევა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემების მოგვარება რთული იქნება.
„მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდა, ჩვენ ვერც კორონა-კრიზისს მოვერევით, ვერც ეკონომიკურ კრიზისს, ვერც სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ. ამიტომ ეს პირველი ბარიერი უნდა გადავლახოთ. შეთანხმება უნდა შედგეს ხუთივე პუნქტზე. ეს განსაზღვრული ე.წ. ჩარჩოთი, რომელზეც ყველა შევთანხმდით. ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ აქ არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე პუნქტში ვიღაც აბსოლუტური ნულით, ვიღაც კი 100%-ით დარჩეს. ეს უნდა იყოს შეთანხმება ამ საკითხებზე, გონივრული კომპრომისები. დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე მოვძებნით ძალებს, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოლოდინია, რომ გადაწყვეტილება ხუთივე საკითხზე იქნება შემოთავაზებული, რომლებიცაა: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მართლმსაჯულების თემა, საარჩევნო სისტემა, ვადამდელი არჩევნები ან მასთან მისასვლელი გზა და პოლიტიკური ძალაუფლების განაწილების საკითხები.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.