“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ამაზე ახლოს არასდროს ყოფილან.
ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კრისტიან დანიელსონის გუშინდელი განცხადება გაიხსენა და დასძინა, რომ – “ფაქტია, რომ ევროკავშირი საკუთარი რეპუტაციით გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში”.
„ამაზე ახლოს არ ვყოფილვართ ამ პროცესთან, რომ რამე გამოსულიყო. გუშინ კრისტიან დანიელსონმა თქვა, მე დავდებ დოკუმენტს, რომელზეც ვნახავ რა პოზიცია გექნებათო და ეს მაძლევს იმედს. ფაქტია, რომ ევროკავშირი საკუთარი რეპუტაციით გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ ან გვჯერა, რომ რაღაც გამოვა ამ საქმიდან, ან არ გვჯერა. სინამდვილეში, დაჯერება – არ დაჯერება ჩვენს ევროპელ მეგობრებზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორ ვუყურებთ მათ, ამის მიხედვით გჯერა ან არ გვჯერა. ვფიქრობ, იქ საკმარისი ოდენობის პოლიტიკოსია იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეხმარონ იმის გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია ახლა ამ ხალხთან სწორი ურთიერთობა. დამოკიდებულებაა შეცვლილი, რაც გუშინ დავინახეთ, ადამიანმა თქვა, მე ჩემს წინადადებას დაგიდებთ და ჩამოყალიბდით, რა გინდათო. ასეთი ტიპის პრინციპულობა, რომ მე გადავწყვეტ მტყუან – მართალსო, შანსს აჩენს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.