ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ვოლსკი: “სერიოზული საფუძველია, ვიფიქროთ, რომ ნაცმოძრაობას არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს”

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამართლებრივი გზა იმისა, რომ ნიკა მელიამ თანხა გადაიხადოს და ამის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რეალურია.

როგორც ვოლსკიმა მედიასთან განაცხადა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აქვს მოლოდინი იმისა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.

“ასეთი გააფთრებული ბრძოლა იმისთვის, რომ ნიკა მელია დაეჭირათ და ციხიდან არ გამოვიდეს, არის სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს. მელიას დაპატიმრება თავიდანვე გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რა საკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს. მიზანიც სწორედ ეს იყო. “დაიჭირეთ მელია“ – ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია.

ვერავინ უარყოფს იმაზე, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. “ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....