ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ჩადის ხვალ გიორგი გახარია ზუგდიდში

CNews-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხვალ, 31 მარტს, ზუგდიდში ჩასვლას გეგმავს. გამოცემis ცნობითვე, გახარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლს ყვავილებით შეამკობს. როგორც ინფორმირებულმა წყარომ CNews-ს განუცხადა, გახარიას ვიზიტი, პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამართული რეფერენდუმის დღეს, მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

„გახარია ზუგდიდში პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს, თუმცა ეს ვოიაჟი სწორედ მის სამომავლო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება. იგი სამეგრელოში განწყობებს სწავლობს. ადგილობრივ თვითმმართველობებსა და „ოცნების“ პარტიულ ორგანიზაციებში გახარიას ნავში გადასახტომად ცალკეული პირები მზად არიან და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან.

ამის ნათელი მაგალითი ძმები ფარულავები არიან. ერთმა ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა, მეორემ კი – ზუგდიდის პარტიული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი“, – განუცხადა წყარომ CNews-ს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სამეგრელოში გახარიას მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არ არის.

„სამეგრელოში განსაკუთრებით ნეგატიური განწყობა გამოიწვია ინფორმაციამ გახარიასთან გია ყარყარაშვილის ყოფნის შესახებ. ასევე, არა მხოლოდ სამეგრელოში, საკმაოდ ნეგატიური განწყობაა გახარიას მარჯვენა ხელის – ნათია მეზვრიშვილის მიმართ. ისიც ცნობილია, რაოდენ ცუდი დამოკიდებულებაა რეგიონში გახარიას პროტეჟეების – ირაკლი ჩიქოვანისა და ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართაც. ყველამ კარგად იცის, რა ტერორით ჩატარდა სამეგრელოში 31 ოქტომბერს არჩევნები და ყველაფერ ამის უკან სწორედ გახარია იდგა“, – განუცხადა წყარომ CNews-ს.

ცნობისათვის, 22 მარტს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა განაცხადა: „რაც შეეხება მომავალს, სხვადასხვა ჭორი დადიოდა, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და მალე შევხვდებით“.

იტვირთბა....