ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანტონ ობოლაშვილი: “განხილული იყოს მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი”

„მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ, ის აქტიური იყო ამ უხილავ მტერთან – კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახის თხოვნაა, საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული. გარდა ამისა, ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, არსებული პროცედურების შესაბამისად, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხი განიხილონ.

“ოჯახის მოთხოვნა და ასევე, ჩემი თხოვნაა, გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რომ ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იყოს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს სიცოცხლე დავუბრუნოთ, თუმცა მისი ოჯახის და მისი შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას“, – განაცხადა ობოლაშვილმა.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....