ახალი ამბები ციტატა

იოსელიანი: “ველოდები, რომ ნაწილი მაინც ხელს მოაწერს შეთანხმებას და მათ პარლამენტში ვიხილავთ”

„მოქალაქეების” ერთ- ერთი ლიდერი, ვიცე – სპიკერი ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვამს, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელს „ქართული ოცნებაც“ მოაწერს. მისივე თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს და ამაში პოლიტიკურ მხარეებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისის გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე. მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს „ქართული ოცნებაც” მოაწერს,” – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

 

იტვირთბა....