საქართველო რომელიც დემოკარტიის კუნძულად განიხილებოდა, დღეს ერთპარტიული მმართველობისა და ავტორიტარიზმის ზღვარზე დგას. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ წერილში წერენ.
ისინი ასევე წერილში აღნიშნავენ, რომ საჭიროა აშშ-ის გააქტიურება ყველა მიმართულებით, რომ მოაგვაროს საშიანო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევები და შეუერთდეს დასავლურ ოჯახს.
„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, – ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას. ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე.
ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“, – ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.