ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეთანხმებისკენ:
“დღეს მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრები ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება, გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული, – საქართველოს ხალხი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება.
შევხედოთ სტრუქტურულ საკითხებს, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმასჯულება. სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ჩვენ ამას წარვადგენთ”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ცნობისთვის, მედიატორი კრისტიან დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს კრისტიან დანიელსონი საბოლოო მოლაპარაკების გამართვამდე, პოლიტიკურ პარტიებს ინდივდუალურად შეხვდება.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.