ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები” – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, რომ გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, კონსტრუქციულად იმუშაონ კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგებისკენ განწყობით, ასევე თავიდან აირიდონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის კიდევ უფრო გაუარესება. როგორც ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ასეთ ძალისხმევას იმსახურებს.

ისინი მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის წარმართულ მედიაციის პროცესს. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც კვლავ მიღწევადია. ისინი მოუწოდებენ მონაწილეებს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან ამოვიდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს გზას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისკენ.

“გვაქვს ნდობა, რომ საქართველოს პოლიტიკურ კლასი მოიქცევა მათი პასუხისმგებლობის შესაბამისად და იპოვის გამოსავალს არსებულ კრიზისში. თუმცა, ხელშესახები პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმსა და პოლარიზაციას კონსტუქციული თანამშრომლობა ჩაანაცვლებს და ქვეყნის ინსტიტუტები საკუთარ ფუნქციას შეასრულებენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, ისინი მზად არიან საქართველოს დაეხმარონ ამ რთულ სიტუაციაში და როცა პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ, საქართველოს პარლამენტთან იმუშავონ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდამჭერი ზომების იმპლემენტაციისთვის. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).

იტვირთბა....