ამავე საქმეზე პროკურატურაში ელისო კილაძეც იმყოფება
შეწყალების კომისიაში სავარაუდო კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამავე საქმეზე ახლა პროკურატურაში ჟურნალისტი ელისო კილაძეც იმყოფება დაკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხებოდა, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ერთი წლის წინ შესაბამისი ინფორმაცია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა. გოგაძე მის ამ ნათქვამს უარყოფს. გარცელებული ინფორმაციით, გოგაძის დაკითხვა სწორედ ამ ამბავს უკავშირდება. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ნათია სუხიაშვილს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, გოგაძესთან შეხვედრას სწორედ მან გაუწია ორგანიზება.