პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვის საკითხის დაყენებას ეხმიანება და ამ ინიციატივის წამოწევაც კი შეურაცმყოფელს უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი არის არაერთი დანაშაულში ბრალდებული და ვინც არ უნდა წამოწიოს ინიციატივა მისი ჩართულობის შესახებ, ეს სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.
“რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.
მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადა, რომ რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.