ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა გიგაური: “მნიშვნელოვანია ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს განიხილეს

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია ქვეყანა. მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შეგდეს მხარეებს შორის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიას და რურუას გათავისუფლება. ვსაუბრობით ასევე იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასევე იმან, რომ ძალაუფლება არის ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. ვისაუბრეთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს უახლოეს პერიოდში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა”. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

იტვირთბა....