ვაშლიჯვარში, ნანტის პარკში, მოსახლეობამ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც მოსახლეობის თქმით, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მათივე განცხადებით, მათ ამავე მოთხოვნით მერიაში რამდენიმე ათასი პირის მიერ ხელმიწერილი პეტიცია გააგზავნეს.
“დღევანდელი აქციის მიზანია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაჟღეროთ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომელსაც ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს პეტიცია მერიაში გვაქვს შეტანილი და ველოდებით რეაგირებას. დღევანდელი აქციის მოთხოვნები იმეორებს პეტიციის მოთხოვნებს, ეს არის მორატორიუმის გამოცხადება მშენებლობებზე ვაშლიჯვარში, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობირივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას. ასევე ვითხოვთ შეწყდეს ესტაკადის მშენებლობა იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მისი გაგრძელება უსაფრთხოა ქალაქისთვის”, – აღნიშნა რუსუდან ფაროზიშვილმა.