თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ჯგუფში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან.
„პეტიცია დღეს შემოვიდა მერიაში, გავეცნობით და გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება მედიის მიერ დასმულ კითხვებს, გაცნობებთ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას გარდა, თბილისის მერმა მოუწოდა სპეციალისტებს, შემოუერთდნენ ჯგუფს და ჩაერთონ პროცესში.
რაც შეეხება მონიტორინგს, მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მონიტორინგი, მომავალი კვირის ბოლოს კი დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არ არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა. ყოველთვის მზად ვართ, სპეციალისტებთან ერთად შევხვდეთ და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.