ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მენსტრუაციის პერიოდში, ჰორმონალური ცვლილებების გამო, ვაქცინაციის რამდენიმე დღით გადავადება სასურველია.
როგორც კულუმბეგოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მენსტუაციის დროს ვაქცინაციის შემდეგ პაციენტებს კვინკეს შეშუპებები განუვითარდათ და მისი თქმით, ვინაიდან ეს თანხვედრა არსებობს, უმჯობესია, აცრა გადავადდეს.
“მენსტრუაცია ზოგადად არ ცვლის პროცესს, არსად არ წესია, რომ ამ დროს არ შეიძლება აცრა. უბრალოდ, მენსტრუაციულ პერიოდისთვის, აქტიური ჰორმონალური ძვრების გამო, უფრო მეტად არის დამახასიათებელი კვინკეს შეშუპებების განვითარება. ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები კვინკეს შეშუპების დროს და გამოკითხვისას ვეკითხებით, უმიზეზო შეშუპება ხომ არ ემთხვევა მენსტრუაციული ციკლის პერიოდს და პაციენტები ადასტურებენ. იმის გამო, რომ ეს თანხვედრა არის, სასურველია ქალებმა მენსტრუაციის პერიოდში აცრის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე დღით გადავადებაში ცუდი არაფერი არაა”, – ამბობს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.