პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მორიგი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად რეგულაციების შემოღება რეგიონებში იგეგმება. გურია და იმერეთი იქნება პირველი, სადაც კორონავირუსის პრევენციის გამო, შეზღუდვების მესამე ეტაპი ამოქმედდება. სპეციალისტები ამ მიდგომას არ ეთანხმებიან. მათი აზრით, ნებისმიერი სახის შეზღუდვა ქვეყანაზე მძიმედ აისახება, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამუშაოების სეზონი დაიწყო.
კონკრეტულად დღეს გადაწყდება, რა სახის და რამდენად მძიმე შეზღუდვების დაწესდება გურიასა და იმერეთში, რასაც შესაძლოა, დიდი ალბათობით სხვა რეგიონებიც მიჰყვეს. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მესამე ტალღაზე და თანაც ვაქცინაციის პროცესმა დიდი მასშტაბები ვერ შეიძინა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმცხადებით, გურიისა და იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გათვალისწინებით შესაძლო შეზღუდვების დაწესება აღნიშნულ რეგიონებში ვიზიტის შემდეგ გადაწყდება.
„წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუკი რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათი სარისკო იქნება. ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ნამდვილად ვეღარ გაუძლებს. ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ყოველდღიურად ვატარებთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად მიიღება.
გურიაზე იყო საუბარი, სადაც ვგეგმავთ ვიზიტს და ადგილზე შევისწავლით მდგომარეობას. გარკვეული მატების ტენდენციაა იმერეთში, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გავაკეთებთ ანალიზს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი და ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზი მობილობის ზრდაა იმ პირობებში, როდესაც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.
ახლა, როდესაც რეგიონეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების პერიოდია, მორიგი შეზღუდვები დიდ დაბრკოლებას წარმოქმნის. სწორედ ამის შესახებ საუბრობს “რეზონანსთან” აკადემიკოსი ავთო სილაგაძე.
„შეზღუდვები, ყველა ეტაპზე, ყოველთვის მოქმედებს და ცხადია, ახლაც ასე იქნება. აკრძალვის ფორმას და სიმკაცრეს გააჩნია. ღამით გადაადგილებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში პრობლემები არ იქნება, რადგან სამუშაოების ჩატარება დღისით შესაძლებელია. თუ საუბარია ისევ მომსახურების სფეროს რეგულაციებზე, თავისთავად ცხადია, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დასაქმებულებსა და შემოსავლებზე. შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს დანაკარგი ეკონომიკისათვისთვის იმ დოზით, რა მასშტაბითაც გამოცხადდება შეზღუდვები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამით კორონავირუსის შეკავება ხდება.
სამწუხაროდ, ჩვენთან ვაქცინაციის მასობრივი პროცესი ვერ დაიწყო. როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ეს არ მოხდება და ამიტომ გავრცელების საფრთხე კიდევ უფრო დიდხანს დარჩება ძალაში. სხვა ქვეყნებში პანდემიის ახალი ეტაპი დაიწყო, თუმცა იქ ვაქცინის გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან, ამიტომ სამომავლოდ საქართველოში მას უფრი მძიმე შედეგები მოჰყვება.
საუბარია, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში უფრო ინტენსიურად დაიწყოს აცრის პროცესი. იქამდე 3-4 თვეა და ამ დროში შესაძლოა, უკონტროლობის შემთხვევაში მძიმე შედეგი მივიღოთ. არადა, საგაზფხულო სამუშაოები ახლა არის ჩასატარებელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ამიტომ ბუნებრივია შეზღუდვებით ამ პროცესს ხელი შეეშლება, მაგრამ რადგან სოფლის მეურნეობაში ხშირად ინდივიდუალური შრომაა, ვიდრე კოლექტიური, შეიძლება, რომ დღის საათებში რეგიონში ადამიანმა მოახერხოს ნიადაგის დამუშავება. რაც არ უნდა ითქვას, ცხადია, შეზღუდვები ხელისშემშლელი მიზეზი მაინც იქნება“, – განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.
შეიძლება ითქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობეში ადგილობრივი წარმოება იყო ერთადერთი, რომელმაც სხვა სექტორებისგან განსხვავებით, გამართულად იმუშავა. ამიტომ ქვეყანამ ექსპორტის წილი გაზარდა, თუმცა შესაძლოა, ახლა ამ მხრიც პრობლემები წარმოიშვას. სოციოლოგი პაატა არიშიძე ფიქრობს, რომ მესამე ტალღის შეზღუდვები სოფლის მეურნეობის სამუშაოების წარმოებას ხელს შეუშლის.
„შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა ვერაფრით ვერ გადაიწონება, ვერც გახსნილი ეკონომიკით და ვერც სხვა რამით. თუ იგივე სახის შეზღუდვები ამოქმედდა, როგორც შარშან ამავე პერიდოში მოხდა, ეს იქნება დამანგრეველი. ალბათ, მინიმუმ, ორი კვირით ჩაიკეტება კონკრეტული ტერიტორიები და ესეც კი პრობლემებს შექმნის.
სოფლად თესვის სამუშაობი უკვე დაწყებულია. აკრძალვები, რა თქმა უნდა, ამ პროცესს შეაფერხებს, რომლის სხვა დროში გადატანაც შეუძებელია, რადგან სამეურნეო სამუშაოები წელიწადის დროეს დამოკიდებული და არა პანდემიის პერიოდულობაზე.
ამიტომაც აუცილებელია, ეკონომიკისია და მედიცინის ურთიერთშეთანხმება. რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ეკონომიკა ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი, როცა ადამიანის ჯანმრთელობა და სოცოცხლე უფრო მთავარია, ვიდრე სოციალური და ეკონომიკური საკითხები“, – განუცხადა პაატა აროშიძემ „რეზონანსს“.